ბათუმში დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია – დაკავებულია ათამდე აქტივისტი.
გუშინ,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე.
პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა.
დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართნენ, სადაც დააკავეს ციალა ქათამიძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად პლაკატს აკრავდა. ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ დააკავეს ვაჟა დარჩია, რომელმაც დასვა კითხვა, რატომ აკავებდნენ ციალა ქათამიძეს.
ამის შემდეგ დააკავეს ბათუმელი სტუდენტი და აქტივისტი მათე ცენტერაძე, რომელმაც, აქციის მონაწილეების თქმით, ასევე პროტესტის ნიშნად ასფალტზე დააკრა პლაკატი.
აქციაზე დააკავეს გოდერძი ფრანგიშვილი, აქციის მონაწილე. ასევე, პირველადი ინფორმაციით დაკავებულია ბათუმის აქციების მთავარი მედროშე, თემურ ქათამაძე.
აქციის მონაწილეები ახლაც ბათუმის მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებიან. აქცია გრძელდება.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია, გოდერძი ფრანგიშვილი, მალხაზ ირემაძე, თემურ ქათამაძე, ნანა შავაძე, თეონა ბერიძე თათია აბულაძე.
ფეისბუქ გვერდზე აპოთეოზზე თემურ ქათამაძეზე შემდეგი ინფორმაცია ვრცელდება:
ახლახან დააკავეს ბათუმის აქციების “დაუღალავი მედროშე” თემურ ქათამაძე, რომელიც მუჰაჯირების შთამომავალია.
მილიციელმა დაკავებისას უთხრა, მე ხომ არ ჩამოვდივარ თურქეთში და არ ვიქნევ დროშასო, შენ აქ რა გინდაო?
ეს სიტყვები აკადრა საქართველოდან იძულებით გადასახლებულ გურჯს.
ბატონი თემური პირველ რიგში არის უსაყვარლესი ადამიანი, რომელთან საუბარიც ყოველთვის სასიამოვნოა.
მისი წინაპრები ქობულეთის სოფელ ხინოდან, 150 წლის წინ, იძულებით გადაასახლეს თურქეთში.
როგორც კი ცოტა წამოიზარდა, ბებია-ბაბუისგან გაიგო, რომ ქართველია და ამის შემდეგ ქართულის სწავლა გადაწყვიტა და როგორც კი საშუალება მიეცა, საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდა.
ის ბათუმის აქციებზე ყოველდღე დადის და საქართველოს დროშას დაუღალავად იქნევს, საათობით.
ბატონმა თემურმა აქციაზე ყოფნისას გვითხრა, რომ ბავშვობიდან იცოდა, ქართველი რომ იყო.
გვითხრა რომ აჭარიდან იქ იძულებით წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში.
თუ ვინმეს, ამ აქციაზე მყოფს, უბრძოლია საკუთარი ქართველობისთვის, ეს ბატონი თემურია და სირცხვილია მისთვის იმ ყველაფრის თქმა, რაც დღეს აკადრეს.
One thought on “აქციაზე დაკავებები ბათუმში”