თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და კოალიციის “ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. ის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.
დღეს, 22 მაისს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. რისთვისაც მას 16 აპრილს მოსამართლე ნანა შამათავამ 20-ათასლარიანი გირაო შეუფარდა. ზურაბ ჯაფარიძემ გირაოს თანხის გადახდაზე პრინციპული უარი განაცხადა.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
“თუ ყველა იტყვის უარს ტყუილში მონაწილეობაზე ეს რეჟიმი ჩამოიფშვნება”, – თქვა ზურა ჯაფარიძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე.