როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები?

ზურაბ ჭიაბერაშვილი

რა თქმა უნდა, პირველი რიგის ამოცანაა, რეჟიმი ჩამოიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს ტექნიკური ადმინისტრაციის (არ იგულისხმება მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაცია) პირობებში.

იმავდროულად, მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, როგორ წარმოგვიდგენია ახალი არჩევნები ტექნიკურად. რამდენიმე აზრს გაგიზიარებთ:

1. საარჩევნო ადმინისტრაცია.

ყველა დონის ადმინისტრაცია უნდა იყოს მხოლოდ პარტიული წარმომადგენლებით დაკომპლექტებული. სუსის ვერტიკალი სარჩევნო ადმინისტრაციაში იყო ე.წ. „პროფესიონალი“ წევრები: მათ უნდა აკრძალოთ არჩევნების ადმინისტრირებაში მონაწილეობა, მინიმუმ მომავალ – სადამფუძნებლო – არჩევნებში.

საარჩევნო სერტიფიცირების ვალდებულება უნდა მოიხსნას და კომისიები იმ ადამიანებით დაკომპლექტდეს, რომლებიც 2-3 დღიან ტრენინგს გაივლიან. სერტიფიცირებულთა დიდი ნაწილი 26 ოქტომბრის გაყალბებაში მონაწილეობდა.

2. უნდა განახლდეს უცხოეთში მყოფთა სია. ყველამ ვიცით, რომ უცხოეთში არაა საქართველოს მხოლოდ 276,000 მოქალაქე (როგორც ცესკო გვეუბნებოდა) და მათი რიცხვი გაცილებით დიდია. სწორედ მათი პირადი ნომრები გამოიყენა რეჟიმმა. [ამაზე იხ. ქვემოთაც.]

3. საჭიროა სტრატეგიული გადაწყვეტილება: არჩევნები ტარდება ორივე – ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო და ხმის მიცემის – აპარატის გამოყენებით, მხოლოდ ხმის მიცემის აპარატს ვიყენებთ თუ არცერთს.

აღვწერ სამივე შესაძლებლობას:

3.ა – ელექტრონული არჩევნები ორივეს – ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო აპარატის და ხმის მიცემის აპარატის – გამოყენებით

რადგან აღარაა მაჟორიტარული სისტემა და ყველა ხმა ერთ პროპორციულ ყუთში იყრება, არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელ უბანზე მივცემ ხმას.

ამას აქვს შემდეგი უპირატესობა: (1) იზრდება ამომრჩევლის ფარულობა – მიდის უბანზე, სადაც არავინ იცნობს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რომლებზეც ქუჩურ-უბნური წნეხი მაღალია; (2) აღარ იკარგება, ჩემი ვარაუდით 50-70 ათასი ხმა, რომელიც გვაკლდება შიდა მიგრაციის გამო – „რეგისტრირებულია ერთგან, ცხოვრობს სხვაგან“ (ქოცებს ასეთი ხმები არასოდეს აკლდებოდათ. მობილიზაციას ახდენდნენ); (3) პარტიები ადვილად აკომპლექტებენ კომისიებსა და სადამკვირვებლო მისიებს ურბანული ცენტრებიდან რეგიონებში (კომისიის წევრებზე ახლაც იყო ხმის გადატანის შესაძლებლობა); (4) სანდო და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისიები ადვილად აგროვებენ რეგიონებში წამსვლელებს (დღევანდელი პროტესტის ფონზე ათმაგად გაიზრდება მათი რიცხვი).

ვისაც უკვე შეგეშინდათ „კარუსელის“, შეგახსენებთ, რომ მომდევნო არჩევნების ჩატარების მომენტში რეჟიმი ჩამოშლილია 😊

და მაინც, ტექნიკურად, საჭიროდ მიმაჩნია შემდეგი: ყველა უბნის ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო აპარატი ჩართული იყოს საერთო სერვერზე (რომელსაც ყველა პარტიის მიერ დაქირავებული IT-სპეციალისტები უყურებენ და აკონტროლებენ), რომელიც აღრიცხავს ჩემს ხმას და რომელიც გააწითლებს ჩემს პირადობას, თუ სხვა უბანზე კიდევ მივალ.

ერთადერთი პრობლემა ამ სქემაში არის თავად სერვერთან ინტერნეტ-კავშირის დაცვა რუსების ჰაკერული შემოტევისგან. აქ სიტყვა IT-სპეციალისტებზეა.

3.ბ – ელექტრონული არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემის აპარატის გამოყენებით

თუ ჰაკერული შეტევის საშიშროების გამო ვერ ხერხდება ის, რომ ნებისმიერ უბანზე შემეძლოს ხმის მიცემა, და ამიტომ ყოველი უბნის ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო აპარატში მხოლოდ იმ უბნის სია უნდა იყოს ჩატვირთული (როგორც ახლა იყო), მაშინ ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო აპარატის გამოყენების აზრს ვერ ვხედავ და ქაღალდზე ამობეჭდილი სამაგიდო სიებით უნდა ვისარგებლოთ, ოღონდ აქაც ერთი მნიშვნელოვანი დაცვით:

საუბნო სია უნდა გადაინომროს ისე, რომ უცხოეთში მყოფები (მათი რაოდენობა უნდა განახლდეს!) სიის ბოლოში დალაგდნენ. უბნის კომისიის ყველა წევრს და ყველა დამკვირვებლებს ეცოდინება, რომ თუ უბანზე მოდის ამომრჩეველი, რომლის ნომერი სამაგიდო სიაში, ვთქვათ, 460-ს ზემოთაა (როცა უცხოეთში მყოფთა სია იწყება), ამ პირის პირადობა და მარკირება ათჯერ უფრო საფუძვლიანად შემოწმდეს.

თუნდაც ქაღალდზე ამობეჭდილი სამაგიდო სიებით უნდა ვისარგებლოთ, ხმის მიცემის აპარატის გამოყენებას აქვს უპირატესობა: ის სწრაფად გვაძლევს წინასწარ შედეგებს. მაგრამ რჩება ბიულეტენის სისქის, ფლომასტრის გაჟონვისა და ფარულობის დარღვევის რისკი.

3.გ – არჩევნები ყოველგვარი აპარატის გარეშე

თუ საზოგადოება უფრთხის ბიულეტენის სისქის, ფლომასტრის გაჟონვისა და ფარულობის დარღვევის რისკს, მაშინ არჩევნებს ვატარებთ აპარატების გარეშე, მაგრამ აქ მეორე რისკი ჩნდება – გარეთ გამოტანილი ბიულეტენისა და კონვერტის. ჩვენი გადასაწყვეტია, რომელიც რისკის აღება გვირჩევნია.

ამასთან, ვკარგავთ შესაძლებლობას, უბნის დახურვიდან ერთ საათში ვიცოდეთ წინასწარი შედეგები. ეს კი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია.

P.S. არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს სია ამომწურავია, ან ჩემი მიდგომები აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ საზოგადოება ამაზე(ც) უკვე უნდა ვფიქრობდეთ.

წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *