რა უნდა იცოდეთ, თუ პოლიცია ჩხრეკას გეგმავს

“გამაშიშვლეს”, “ჯიბეებში დამიწყეს ხელის ფათური”, “ადვოკატი არ შემოუშვეს”, “ვიდეო არ გადამაღებინეს”, “ტელეფონი წამართვეს”, – ეს იმ დემონსტრანტების სიტყვებია, რომლებსაც პოლიციამ სახლებში მიაკითხა და ჩხრეკა ჩაატარა. და რა არის ჩხრეკა? რისი უფლება აქვს პოლიციას და რისი –  მოქალაქეს?

ჩხრეკის ჩატარების წესს და ფარგლებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს.

ეს პროცედურა დათვალიერებაში არ უნდა აგერიოთ. დათვალიერებისას მოქალაქეს პოლიციელი მხოლოდ გარედან ხელით ამოწმებს. ჩხრეკისთვის კი გამომძიებელს უფლება აქვს შევიდეს სახლში, ოფისში, სამსახურში, გაჩხრიკოს ავტომობილი, პირადად გაჩხრიკოს მოქალაქე, მაგალითად, ჯიბესა და ჩანთაში ჩაუყოს ხელი.

და პოლიციას ჩხრეკის ჩატარება უფლება მაშინ აქვს, როცა თავად გადაწყვეტს? – რა თქმა უნდა, არა.

ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღმოაჩენენ მნიშვნელოვან ნივთს ან დოკუმენტს, რაც გამოძიებას უკავშირდება, მაგალითად, ნარკოტიკი, იარაღი ან მოწყობილობები მნიშვნელოვანი ინფორმაციით – გარე მეხსიერების ბარათი, კომპიუტერი.

და ვის უნდა დაუსაბუთოს პოლიციამ? – სასამართლოს.

ჩხრეკის უფლების მოპოვების ორი გზა არსებობს. პირველი სასამართლოს განჩინებაა. ასეთ დროს, პოლიციელი ჯერ სასამართლოს მიმართავს და ითხოვს ჩხრეკის უფლება მისცენ.

მეორე გზა უფრო სწრაფი და მოკლეა – პოლიცია ჯერ ჩხრეკას ატარებს და შემდეგ მიმართავს სასამართლოს – დაადასტუროს, კანონიერი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება. პოლიციამ ისიც უნდა დაასაბუთოს, რატომ იყო ჩხრეკა იმდენად გადაუდებელი, რომ მოსამართლის ნებართვის გარეშე ჩატარდა.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ გზას, რომელიც გამონაკლისი უნდა იყოს, პოლიციელები ყველაზე ხშირად მიმართავენ, იმ დროსაც კი, როცა საჭირო არაა, რადგან იციან, სასამართლო ჩხრეკას მაინც კანონიერად ცნობს.

ჩხრეკის დაწყებამდე პოლიცია ვალდებულია მოქალაქეს წაუკითხოს განჩინება, ანუ აუხსნას რას იძიებს.

განჩინებაში მითითებულია ჩხრეკის ადგილიც. დააკვირდით ამას, თუ მისამართი არასწორად წერია, მაშინ ჩხრეკა უკანონო გამოდის.

თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება. მოსთხოვეთ გამომძიებლებს მოგცეთ გონივრული ვადა ადვოკატის მოსაყვანად. პოლიცია ვალდებულია ადვოკატი ჩხრეკაზე ნებისმიერ დროს შეუშვას.

თუმცა ეს წესიც ირღვევა.

ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებელს უფლება აქვს, გააღოს დაკეტილი საცავი, სადგომი და სათავსო. ასევე უფლება აქვს, ჩხრეკის ადგილზე მყოფებს ან მისულებს საგამოძიებო მოქმედების დამთავრებამდე აუკრძალოს წასვლა, ერთმანეთთან ან სხვასთან ურთიერთობა.

პოლიცია ვალდებულია, ჩხრეკის ადგილზე მიღებული ყველა გადაწყვეტილების საჭიროება დაასაბუთოს – ამასაც მოგვიანებით სასამართლო ამოწმებს.

პოლიციას კანონი ჩხრეკაზე უცხო ადამიანების, მოწმეების დასწრებას არ ავალდებულებს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთ დროს სამართალდამცველებმა ნეიტრალური მტკიცებულება უნდა შექმნან. ეს შეიძლება პოლიციელის მიერ გადაღებული ვიდეოც იყოს.

ამიტომ მოსთხოვეთ სამხრე კამერების ჩართვა ან გადაღება.

გაქვთ თუ არა თქვენ თავად გადაღების უფლება? – ამას არცერთი კანონი არ კრძალავს. თუმცა დემონსტრანტები ჰყვებიან, როგორც ართმევენ პოლიციელები მათ ტელეფონებს და გადაღებაში ხელს ასე უშლიან.

იურისტების რეკომენდაციაა, მოსთხოვოთ პოლიციას, რომ სახლის ოთახები პარალელურად კი არა, სათითაოდ გაჩხრიკოს, რათა თქვენ ამ პროცესს სრულად ადევნოთ თვალი.

და გაშიშვლება კანონიერია?

საქართველოს კანონმდებლობით, ჩხრეკისას გაშიშვლება ზოგადად დასაშვებია მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში და მკაცრი წესების დაცვით. ასეთ დროს მოქალაქე მხოლოდ მისი სქესის პოლიციელმა უნდა გაჩხრიკოს.

ეს ღირსების შემლახავი ფორმა სავალდებულო წესია? – არა, იურისტები ხსნიან, რომ ასეთ დროს უნდა არსებობდეს ეჭვები ან დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ სხვა შემთხვევაში ეს ქცევა ღირსების შემლახველია. ჩხრეკისას პიროვნების ღირსება და უფლებები დაცული უნდა იყოს.

და ბოლოს მთავარი დოკუმენტი – ჩხრეკის ოქმი, სადაც პოლიციელების ყველა ნაბიჯი უნდა იყოს აღწერილი, მათ შორის თქვენი სახლიდან წაღებული ნივთების ჩამონათვალიც. თქვენ გაქვთ უფლება, ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწეროთ ან დაწეროთ „გავეცანი. არ ვეთანხმები” და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწეროთ ხელი.

წყარო – რადიო თავიუფლება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

CAPTCHA ImageChange Image