ზარქუა და სანიკიძე აბუ დაბიში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან

ზარქუა და სანიკიძე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები – ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარზე ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა, რა მიზნითაც ინციდენტში დაფიქსირებული პირები გამოკითხვაზე იმყოფებიან” – აცხადებენ საელჩოში. 

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარსაა ჩანიშნული. 

“მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან აბუ-დაბიში. ხვალ ექნებათ სასამართლო (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)”. – წერდა ჯაფარიძე Facebook-ზე. 

ცნობისთვის, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფიზიკური დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა

გაბიტაშვილმა Facebook LIVE-ში აღნიშნული ფაქტის დეტალებზე ისაუბრა.

“საუზმეზე ჩამოვედი, ამათ ეგონათ, რომ შემეშინდებოდა. სასტუმროში მარტო ვარ, ჩემს მეუღლესთან ერთად, ვიჯექი ჩემთვის და ზარქუამ, ალბათ, გუშინდელმა ვიდეოებმა და მთელმა ტკივილმა, რაც გუშინ მიიღო რუსული ღალატისთვის და პირდაპირ პირში რომ ვეძახე, ამან ვერ მოითმინა და ალბათ, საკალათბურთო მთელმა სფერომ სანიკიძეს ისე დასცინა, მერე ყველამ აიგდო, რომ გამწარებულები, გაგიჟებულები იყვნენ, მომვარდნენ. ამას ხომ ველოდი, ვიცი, ჩვეულებრივი ამბავი, პატარა კაცების ამბავია. არაფრის არ გვეშინია, პროცედურებს ყველაფერს მივყვებით მშვიდად, არც ვნერვიულობ, არაფერი დამშავებია”. – თქვა გაბიტაშვილმა.

გუშინ, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც აბუ დაბიში ჩასულ ქართული ოცნების დეპუტატებს “გამყიდველები და მოღალატეები” უწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *